მუხლი 303. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

1. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

3. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მხარეებს, ხოლო თუ დაუშვებლად ცნობილია პროკურორის საკასაციო საჩივარი – აგრეთვე ზემდგომ პროკურორს.

5. თუ საკასაციო სასამართლო განჩინებით საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, იგი ნიშნავს საკასაციო სხდომის თარიღს. საკასაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.

6. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

8. საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა.