მუხლი 003. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის

1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

2. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავი, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.

6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.

7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.

8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.

10. გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.

11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.

11 1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები – მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.

13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.  

14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.

17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე.

18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.

19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.

22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.

26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი.

27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).

28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა სახელით.

30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს.

31. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას.

32. ამ კოდექსის 143 -1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო ორგანო − ამ კოდექსის 143 -4 მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი.

33. ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული ფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.