მუხლი 298. სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ

1. სააპელაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;

ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;

გ) ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;

დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.

4. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.