მუხლი 297. სააპელაციო სხდომა

სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:

ა) შესავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის აპელანტი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე ;

ბ) განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს;

გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე;

დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;

ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს;

ვ) მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება;

ზ) სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.  [(ძალადაკარგულია  „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული  შინაარსი , რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.]

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.