მუხლი 295. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან იგზავნება სააპელაციო სასამართლოში.

2. სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.

3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აპელანტს აძლევს 5 დღის ვადას საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუ აღნიშნულ ვადაში აპელანტი შეავსებს ხარვეზს, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.

4. თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.

5. სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.

6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.

7. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.

8. აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.