მუხლი 293. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა

1. სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.

2. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, სადაც იგზავნება საჩივარი;

ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა;

გ) გასაჩივრებული განაჩენის გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;

დ) განაჩენის გასაჩივრებული დებულებანი;

ე) გასაჩივრებულ დებულებათა უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის არსი;

ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;

ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახალი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო სასამართლომ;

თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სააპელაციო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.

4. სააპელაციო საჩივარში მიეთითება, თუ რა ნაწილში საჩივრდება განაჩენი, და საჩივრის დამადასტურებელი არგუმენტები.