მუხლი 289. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო.

2. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება.

4. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:                                    

ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;

ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;

გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომლის ჩადენაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) სასჯელის სახე და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.

5. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდა ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორშიც საქართველოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდა საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.

6. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.

7. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

8. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.

9. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328