მუხლი 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.

2. სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.  

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მსჯავრდებულად ყოფნის პერიოდში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).

4-1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).

5. გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.

[ 6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

7. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას შეიძლება მსჯავრდებულს დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი,12.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6 504 – ვებგვერდი, 02 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.