მუხლი 283.-1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა

1. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განაჩენის გამომტან შესაბამის სასამართლოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ განაჩენის გამომტანი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ.

3. განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივგადავადების საკითხს განაჩენის გამომტანი სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს მსჯავრდებულის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის გადმოცემიდან 48 საათისა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადდება იმ პერიოდში, როდესაც შეუძლებელი იყო საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით განაჩენის გამომტან სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის ასლიც ეგზავნება მსჯავრდებულს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ განაჩენის რომელი ნაწილი ექვემდებარება აღსრულებას და მთლიანად ან ნაწილობრივგადავადებას.  

7. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ და მსჯავრდებულს აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება, მისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც აღარ არსებობს „ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.

8. მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადებული განაჩენი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ; პირის მიმალვის შემთხვევაში განაჩენის გამომტან სასამართლოს ერთპიროვნულად გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.