მუხლი 282. მსჯავრდებულის ძებნა

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნისა და მოყვანის შესახებ.

2. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.

3. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით წყვეტს დაკისრებული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

4. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.

საქართველოს 2010  წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436