მუხლი 280. განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი

1. განაჩენის, განჩინების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება მისი აღსრულება.

2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს მისი აღსრულების შესახებ.

3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს ან სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის იმ ორგანოს, რომელმაც დააჯილდოვა მსჯავრდებული ან მიანიჭა მას სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდება.

4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.

5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, იგი ამას აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, ასევე მსჯავრდებულს.

6. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება (განჩინება) დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას.