მუხლი 269. გამამტყუნებელი განაჩენი

1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

2. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:

ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;

ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;

გ) სასჯელის დაუნიშნავად.

4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.

5. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:

ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

დ) პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი;

ე) პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება;

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-1, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-1 ან/და 143-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.

6. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328