მუხლი 266. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:

ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;

ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;

გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;

დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;

ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;

ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;

ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში საქმე სასჯელის ხელახალი დანიშვნისათვის უბრუნდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარეს.