მუხლი 264. სასჯელის დანიშვნის სხდომა

1. თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებაც.

2. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.

3. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები.

4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.

5. მხარეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე.

6. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328