მუხლი 261. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.

2. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.

3. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.

4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 4 ხმით.

5. თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის მნიშვნელობას და სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, არის თუ არა ისეთი მსაჯული, რომელიც უარს აცხადებს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან რომელსაც აქვს ინტერესი საქმის მიმართ, რის შესახებაც არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს. აღნიშნული განმარტების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი კანონის შესაბამისად.

6. თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.

7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა მიერ მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებას ან რომელიმე მტკიცებულების მნიშვნელობას.

8. უფროსი მსაჯული ავსებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს, რომელშიც შეაქვს კენჭისყრის საერთო შედეგები და რომელსაც ყველა ნაფიცი მსაჯული ადასტურებს ხელმოწერით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328