მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;

ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;

თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.

3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.