მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი

1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.

2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.

4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას საკითხისადმი. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, უგულებელყოფს მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს, ითვალისწინებს იმ მტკიცებულებას, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოში, გამოხატავს აშკარა მიკერძოებას ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული და მის მიერ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაითხოვოს იგი. მოსამართლე ასევე უფლებამოსილია ამავე საფუძვლით დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.

5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.