მუხლი 243. მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოკვლევა და მისი დისტანციური დაკითხვა

1. გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.

4. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა დაიკითხოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული წესით.

[4.  (ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2013 წლის  11  დეკემბრის კანონი №1729  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.