მუხლი 239. შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა

1. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, აქვთ თუ არა მხარეებს ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. პირი, რომელიც დააყენებს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის დაყენებული შუამდგომლობა.

2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.

3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილება.

4. წარდგენილი დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დაშვების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გონივრული ვადით გადადოს საქმის განხილვა, თუ მხარეს დაცვის ან ბრალდების პოზიციის მოსამზადებლად დამატებითი დრო ესაჭიროება.

 5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის დაცვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის თავისებურების გათვალისწინებით.