მუხლი 236. ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი

1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:

ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;

ბ) ვერდიქტის გამოტ ანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;

გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;

დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;

ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;

ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.

2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.

3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას .

4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს პასუხისმგებლობის შესაძლო ზომების შესახებ, აგრეთვე მათ განუმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულებისაგან .

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.