მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება

1. უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს. ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: „ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“.

2. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით ყოველი მსაჯული ამბობს: „ვადასტურებ!“.

3. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.

4. ფიცის დადების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

5. ნაფიცი მსაჯული ფიცს ფეხზე ამდგარი დებს.

6. ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.