მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი

1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა.

2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.

3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.

4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:

ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;

ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;

გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება;

დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ ჩანაწერები;

ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით;

ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;

თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;

ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.

5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.

6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.

7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობით განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.