მუხლი 230. სხდომის თავმჯდომარის მიერ ბრალდებულის ვინაობის დადგენა და უფლებების განმარტება

1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.

2. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და თუ ცნობს – რაში. ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, რომ არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას, და რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.

3. სხდომის თავმჯდომარე არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.