მუხლი 228. მხარისა და მოწმის გამოცხადება

1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში.

2. თუ მხარე არ აპირებს რომელიმე პირის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ პირის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.

3. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს.

4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე.

5. გამოცხადების შემოწმების შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ.