მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე .

2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

3. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.