მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება

1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალ დების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე.

2. მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.

3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისათვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები. შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეებსა და მსაჯულობის კანდიდატს გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

4. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში.

5. მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. მსაჯულობის კანდიდატს აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს, მსაჯულობის კანდიდატი ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს.

6. დაუსაბუთებელი აცილება არ შეიძლება იმგვარად იყოს გამოყენებული, რომ მოხდეს მსაჯულობის კანდიდატთა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური შეხედულებების, რაიმე გაერთიანების წევრობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის საფუძველზე.

7. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რ ომელი ც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში . თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებ ისადმი .

8. აცილებისა და თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს მოსამართლე განიხილავს საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

9. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე არაუმეტეს 10 დღით გადადებს სხდომას და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 100 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.

10. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს.

11. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, თითოეულ მათგანს დამატებით 3 კანდიდატის დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ეძლევა. იგივე უფლება ეძლევა ბრალდების მხარეს. თუ რომელიმე ბრალდებული სრულად არ გამოიყენებს აცილების განცხადების საკუთარ კვოტას, მისი გამოყენების უფლება ენიჭება იმავე საქმეში სხვა ბრალდებულს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე სარგებლობს იმდენივე დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით, რამდენითაც ისარგებლა ყველა ბრალდებულმა საერთო ჯამში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28  – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №3990  - ვებგვერდი, 17.07.2015წ.