მუხლი 221. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა

1.    ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 100 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში მითითებულ ვადაში. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე.

2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.

3. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.

4.    ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.

5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ეგზავნებათ უწყება, სადაც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, ადგილი და გამოცხადების სავალდებულოობა.

6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 -  ვებგვერდი,  19 .0 6 .201 2 წ.