მუხლი 218. ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვა

1.    განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

2.    ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.

3. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, რომელსაც იგი ამ კოდექსის 210-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. მსჯავრდებულის შემთხვევაში საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სასჯელის მოუხდელი ვადა. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია აღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის, მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.

4. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, შეთანხმება, მისი პირობების შესაბამისად, ბათილად ჩაითვლება.

5. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და საქართველოს მთავარი პროკურორი.

6. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრალდებული ითვლება ნასამართლევად.

7. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების, სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

8. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144- 1–144- 3 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.

9. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს განაჩენის გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ეს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4789 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

​საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.