მუხლი 213. სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე

1. სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.

3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.

3-1. სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება, თუ მას მიაჩნია, რომ ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები ვერ მიიღო.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილია ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11 -1 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები მიიღო და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

5. თუ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე იხილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების შედეგად არის დადებული, იგი საქმეს ზემდგომ პროკურორს გადასცემს. ზემდგომი პროკურორი საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.

6. სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

6 -1. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11 -1 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს. პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე სასამართლო მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

7. ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

​ საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.