მუხლი 211. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა

1. თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11-1 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები;

დ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული;

ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა;

ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 1-2 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 1-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.

2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბრალდებულის განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრალდებულის განცხადებაში.

3. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4.  ( ამოღებულია - 24.07.2014, №2517).

5. (ამოღებულია – 11.03.2011, №4430).

6. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, აგრეთვე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას მამხილებელ ინფორმაციას აწვდის. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის) აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შინაარსი სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

7. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი.

საქართველოს 2011  წლის 11 მარტის კანონი №4430- ვებგვერდი,22.03.2011წ.

​საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.