მუხლი 210. საპროცესო შეთანხმების დადება

1. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

1 -1. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

1-2. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

1-3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

2. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

4. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

5. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

6. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი). საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები. ისინი თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

​ საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.