მუხლი 207. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.

3. საჩივრის განხილვის დღე და დრო გონივრულ ვადაში ეცნობება მხარეებს.

4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოიკვლია თუ არა ან შეაფასა თუ არა მან ამ კოდექსით დადგენილი წესით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას.

6. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და განჩინების აღმასრულებელ ორგანოს.

7. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

8. მოსამართლე აცხადებს გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს გამოტანილი განჩინების საფუძვლებს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ. 

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3976  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.