მუხლი 205. პატიმრობა

1. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:

ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;

გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

2. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.   [ ( ძალადაკარგულია მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/2/646 - ვებგვერდი, 29.09.2015წ. )]

3. ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზედაც.

5. მსჯავრდებული შეიძლება პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეში.

6. თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა გართულებულია, სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია საქმის განხილვისას ბრალდებული დროებით მოთავსდეს უახლოეს პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განახორციელებს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328  

საქართველოს 2013 წლის 19 აპრილის  კანონი № 560  - ვებგვერდი, 10 . 05 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის  1 მაისის  კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/2/646 - ვებგვერდი, 29.09.2015წ.