მუხლი 204. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.

2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად.

3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ უნდა გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ უნდა გათავისუფლდეს ნაწილიდან და უნდა იმყოფებოდეს სამხედრო მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.

4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.

5. სასამართლოს განჩინება ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობისათვის.

6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს პროკურორს ან სასამართლოს.

7. სამხედრო მეთაური (უფროსი), რომელიც მეთვალყურეობს ბრალდებულს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობით უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.