მუხლი 201. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა

1. მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში არასრულწლოვნის გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო ქცევის წერილობითი ვალდებულება.

2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა პირის მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულისა და ამ პირის თანხმობით.

3. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სხვა პირს უფლება აქვს, ნებისმიერ მომენტში თქვას უარი არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე, თუ ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის სათანადო ქცევას.

4. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ არასრულწლოვნის ბრალდების არსი, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრება, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში.

5. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია პირი, რომელიც მეთვალყურეობდა არასრულწლოვანს, მხარის შუამდგომლობით დააჯარიმოს ამ კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

     [მუხლი 201. (ამოღებულია)   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.