მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები

1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

[1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობისა თუ პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; აკრძალვა გარკვეულ პირებთან შეხვედრისა სპეციალური ნებართვის გარეშე; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად, მათ შორის, გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა, თუ პირის მიმართ დევნა დაწყებულია ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით.

საქართველოს 2014  წლის  17  ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.