მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი

1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.