მუხლი 191. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა

1. როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.

2. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22 -1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით.

21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში. ამასთანავე, განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით.

3. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

4. თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328  

საქართველოს 2014  წლის 26  ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2015 წლის  1 მაისის  კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.