მუხლი 190. პროკურორის და ადვოკატის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მათი გამოუცხადებლობის შედეგები

1. თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება იურიდიული დახმარების შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით.

2. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე მათგანის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულთა მიმართ, თუ ეს არ შელახავს ბრალდებულის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა.

3. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამას აცნობებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328