მუხლი 185. სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა

1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ.

2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).

3. 18 საათის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა.

4. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის ( დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის ) შესახებ , რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს . სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე . მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება .

5. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გა საჩივრდება.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადა არ გამოიყენება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან/და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი №3976  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.