მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.