მუხლი 179. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ

1. თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს, რომელშიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს პირის ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ტარდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ ტარდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული ადვოკატის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით ინიშნება სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი, სხვა ბიომეტრული მონაცემები და უნდა განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ვალდებული არიან ამ გარემოებას 48 საათის განმავლობაში შეუსაბამონ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

6. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ განაჩენის დადგენამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოებები იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

საქართველოს 20 12  წლის  22 მაისის  კანონი № 6253   –   ვებგვერდი, 29.05.2012წ.