მუხლი 176. დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი და წესი

1. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:

ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;

ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;

გ) გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე;

ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი ;

ვ ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი .

2. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.

3. დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.

4. გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.

5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

6. პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია ბრალდებულის დროებით გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418