მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა

1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა . [ (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია)   მტკიცებულების –   ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.]

2. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი;

ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე.

5. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდების შესახებ დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი იცავს), რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს. დადგენილების ასლი ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს . თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილებაზე აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.

9. პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილება არის ამ პირის მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის  2 2  ივნისის  კანონი №6 550  – ვებგვერდი,  29 .0 6 .2012წ. 

საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის   კანონი №2209  – ვებგვერდი, 08.04.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.