მუხლი 168.-2 . განრიდების გამოყენების წესი

1. პირისათვის (განრიდების სუბიექტისათვის) განრიდების შეთავაზება ხორციელდება წერილობითი ფორმით. მასში მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.

2. პირს (განრიდების სუბიექტს) წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ის სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.

3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

5. განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

6. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს ამ კოდექსითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.