მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება

1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).

2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს:

ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;

ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-1 ან/და 143-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;

დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.

4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.

5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის,  დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის  2 2  ივნისის  კანონი №6 550  – ვებგვერდი,  29 .0 6 .2012წ. 

საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის   კანონი №2209  – ვებგვერდი, 08.04.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.