მუხლი 164. გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ

1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, აღასრულოს განჩინება; პასპორტის/დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; პასპორტის/დოკუმენტის ნომერი, პასპორტის/დოკუმენტის გამცემი ორგანო და პასპორტის/დოკუმენტის გაცემის თარიღი. 

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლისათვის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.