მუხლი 157. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

1. მხარე სასამართლოს განჩინებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ყადაღის დადებისას განისაზღვრება, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.

3. ქონებაზე ყადაღის დადებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.

4. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.

5. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები, ხოლო გარკვეული ოდენობის თანხაზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.

6. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი. 

7. ყადაღადადებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.