მუხლი 149. გამოცხადების სავალდებულოობა, მიყვანა

1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ.

2. პირი, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.

3. მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მოწმის მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე.

4. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიყვანა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.

5. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; მისი მიყვანის საფუძველი; როდის და სად უნდა მიიყვანონ პირი; ვის ევალება მისი მიყვანა.