მუხლი 146. ექსპერტის დასკვნა

1. საჭირო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექსპერტი იძლევა დასკვნას. წერილობით დასკვნას იგი ადასტურებს ხელმოწერით.

2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.

3. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას.

4. ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე ექსპერტიზის ინიციატორმა მხარემ ის დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეორე მხარეს ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.